logo
ENG



რას წერს საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავაზე და 5-6 ივლისის ძალადობაზე თბილისში

13 ივლ 202119:11
3 წუთის საკითხავი
 
რას წერს საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავაზე და 5-6 ივლისის ძალადობაზე თბილისში
TV Pirveli/Reuters

ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობასა და გარდაცვალებას მსოფლიო მედია გამოეხმაურა. პრო-რუსული ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემ ჟურნალისტის ისტორიაზე და ბოლო დღეების ძალადობაზე საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემა წერს.  

ასევე, ორგანიზაციამ "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმები. ისინი წერენ, რომ საქართველოში ჟურნალისტებმა მიიღეს დაზიანებები, ტვინის შერყევა, კიდურების მოტეხილობა, ქიმიური დამწვრობა. მათივე შეფასებით, თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა.

Aljazeera აღწერს, კვირას, 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციას და წერს, რომ ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქში ოპერატორის სიკვდილის შემდეგ.

"ლაშქარავას სიკვდილმა აღაშფოთა ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები საქართველოში. ისინი ხელისუფლებას სიძულვილის ჯგუფების წახალისებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტებიდა და ჟურნალისტების დაცვა" - წერს Aljazeera.

Washington Post-ის სტატიაში საუბარია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებებზე და რამდენიმე დღით ადრე, მის მიმართ ძალადობაზე.

"კვირას რამდენიმე ათასმა ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მანამდე, ჟურნალისტი, რომელსაც ლგბტ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. [...] ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთი იყო იმ ათობით ჟურნალისტს შორის, რომლებსაც თავს დაესხნენ გასულ ორშაბათს", - წერს Washington Post. ისინი, ასევე ციტირებენ ადგილობრივ აქტივისტებს, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა აქცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ.

"ლგბტ მარშის წინააღმდეგ აქციაზე ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტი გარდაიცვალა" - ამ სათაურით გამოცემა Vice ეხმაურება თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე წერს Reuters.

ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე წერს CNN-იც. სტატიაში ისინი აღწერენ ძალადობის ფაქტებს და ასევე ციტირებენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მის მიმართ კრიტიკულ ხმებს და პროტესტს "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური" უწოდა.

The Guardian წერს, რომ ტვ პირველის ოპერატორი ულტრამემარჯვენე თავდამსხმელების მხრიდან სასტიკად ცემის შემდეგ გარდაიცვალა.

The Guardian აღწერს ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებასა და წინმსწრებ მოვლენებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ლგბტ პრაიდის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა დაჯგუფებებმა 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. 

The Guardian აღწერს ღარიბაშილის მიმართ კრიტიკასაც, რომელმაც მარშის გამართვის წინ თქვა, რომ "ეს მიუღებელი იქნებოდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის".

"მმართველი პარტია ქართული ოცნება, ჰომოფობიური, ნაციონალისტური და პროდასავლური პარტიების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკეს", - წერია სტატიაში.

სტატიის ბოლოს აღნიშნულია ისიც, რომ 2019 წლის ივნისში, ანტისამთავრობო აქციის დარბევის დროს პოლიციის მიერ 40 ჟურნალისტი დაშავდა.


close დახურვა