პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მართვადია, - ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულია ორი ორსული, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველა კრიტიკულ პაციენტს. რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვიწევს დეპარტამენტში. რაც შეეხება მათ მდგომარეობას - 80 წლის ქალბატონი ისევ არის მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. სტაბილურობა გამოიხატება იმაში, რომ დინამიკა გახლავთ სტაბილური. გაუმჯობესებულია ჟანგბადის პარამეტრები. ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და ექიმების მხრივ ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე და დადებითი დინამიკით. კიდევ ერთი 79 წლის ქალბატონი, რომელიც მარნეულის წითელი ზონიდან ჩამოიყვანეს, კრიტიკული მდგომარეობით, სახეზეა მკვეთრი წონის დეფიციტით. წონის კლება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღენიშნა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, გუშინ გავაგზავნეთ რამდენიმე ტესტი და ყველა მოვიდა უარყოფითი, გარდა ერთისა და ის გადაბარდა ინფექციონისტებს. დღეს სავარაუდოდ ერთი ქალბატონი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ორსულს, გვყავს ორი და მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისევე როგორც ნაყოფის", - აღნიშნა რატიანმა.