logo
ENG



რატომ წაშალა მერიამ ვაკის პარკის შადრევნის გახსნის ფოტოები - განმარტება

13 ოქტ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/l22vazmlooctz9k.jpg

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მერიამ რეაბილიტირებული შადრევნისა და მცირე კასკადის გახსნის ფოტომასალისა და ინფორმაციის წაშლა დაიწყო. როგორც მერიაში განმარტავენ, ეს "ერთგვარი პოზიციაა შემზარავი ფაქტის მიმართ".

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!" - განუცხადეს მერიაში ფორმულას.

დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ გუშინ, 12 ოქტომბერს გახსნეს. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძეც ესწრებოდა. როგორც მერიაში განაცხადეს, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა