მარნეულში სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით მარნეულში აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივი აქტივისტის, რაშან ზიადალიევის ადმინისტრაციული წესით დაკავებას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ იმოქმედოს სამართლებრივად. მათი თქმით, რაშანის დაკავება პოლიტიკურია.
რაშან ზიადაევის განცხადებით, ბოლო დროს მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები გააქტიურდნენ, ისინი საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, რაც სამართალდამცაველების გაღიზიანებას იწვევს.
„გუშინ დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე ვიყავი ერთ-ერთ სუპერმარკეტში, იქიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციის მანქანამ გააჩერა და მანქანიდან უნდოდათ ჩემი გადაღება. მათ არ უნდოდათ ჩემთვის აეხსნათ, რა მიზეზით მაჩერებდნენ და მიღებდნენ სურათს. ჩემი მხრიდან მიიღეს უარი. ამის შემდეგ პოლიციელი გადმოვიდა მანქანიდან, რომელსაც არ ეცვა პოლიციელის ფორმა, იყო სამოქალაქო ფორმაში და მე არ ვიცოდი, ის ნამდვილად პოლიციელი იყო თუ არა. სამართალდამცავს მოვთხოვე წარედგინა საკუთარი თავი და აეხსნა რა მიზეზით მაჩერებდნენ. არცერთი ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ მე გადავუღე მათ მანქანას სურათი, რომ მისი ნომერი გამოჩენილიყო. ამის შემდეგ მათ მე იძულებით წამიყვანეს მარნეულის სამმართველოში. დეკემბერში, მარნეულის პოლიციის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებს გვქონდა საპროტესტო აქცია ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შემდეგ კიდევ გავმართეთ ერთი აქცია მარნეულის თვითმმართველობის წინ. ამ ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდები უფრო გავაქტიურდით, ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, რაც მათ გაღიზიანებას იწვევს. პოლიციის გუშინდელი საქციელი იყო აქტივისტების დაშინება“, - განაცხდა რაშან ზიადაევმა.
რაშან ზიადალიევს პოლიცია სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება და სასამართლო პროცესი რუსთავში 10 თებერვალს არის დანიშნული.