„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლება დიალოგისთვის გახსნილია და ეს მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯია.
„ხელისუფლება გახსნილია დიალოგისთვის - ეს თავისთავად პოზიტივია. არ მინდა ამას დავარქვა ხელისუფლების სისუსტე. პირიქით ვცდილობ ავუხსნა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დათმობა ყოველთვის არ ნიშნავს სისუსტეს. რა გახდა ბოლოს და ბოლოს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში იმაზე შეთანხმება, რაზეც ოპოზიციაში ყოფნისას ყველა პარტია ლაპარაკობს. "თალიბებმა" და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს დღეს ხელშეკრულებას ხელი. 18-წლიანი ომის შემდეგ მივიდნენ იმ წერტილამდე, რომ ორივე მხარე ზარალდება ამ ომით. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ამდენი წლის განმავლობაში ზარალდება იმით, რომ ნორმალური საარჩევნო სისტემა არ ჩამოყალიბდა. არასოდეს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ სვამდა იმას, რომ ის უზურპირებას შეძლებდა ხელისუფლების და ქვეყანა არის იმავე წრეში რაც 30 წლის წინ იყო ჩვენს გარშემო. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს გააზრებული ის, რომ დათმობა მისთვის არის აბსოლუტურად სასიცოცხლოდ აუცილებელი, როგორც საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის შიგნით ვითარების განმუხტვის თვალსაზრისით. თუ ახლა არ მოხდა პოზიციების შეჯერება, ყველა მაჟორიტარულ ოლქში იქნება ხელჩართული ბრძოლა. ეს ნიშნავს არასტაბილურ მდგომარეობას, მერე ვინ გამოიყენებს ამ არეულობას ეს უკვე სხვა თემაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.