ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები ბათუმში თითქმის 30 საათი გაგრძელდა. ბოლო გარდაცვლილი მაშველებმა საღამოს 17:00 საათისთვის ამოასვენეს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მაშველებმა 1 და 9 წლის და-ძმა, ერეკლე და ანასტასია დავლაძეები, ბიძასთან ჩახუტებული იპოვეს. სამივეს ცხედარი ნანგრევებიდან გამთენიას ამოასვენეს. ტრაგიკულ შემთხვევას დავლაძეების მხოლოდ ერთი შვილი გადაურჩა. ის ნგრევის დროს სკოლაში იმყოფებოდა.
მცირეწლოვანი ბავშვების ცხედრების ამოყვანამდე რამდენიმე საათით ადრე მაშველებმა ნანგრევებში მათ დედას, 36 წლის ინგა მეკეიძეს მიაგნეს. მეკეიძე პირველი დაშავებული იყო, რომელიც ნანგრევიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ, ბეტონის ფილებიდან და რკინის კონსტრუქციებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. პირველი დაშავებულის ამოყვანას მაშველებიც და ადგილზე შეკრებილი ბათუმელებიც ტაშით შეხვდნენ.
ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების მანქანამ სისხლდენით, მრავლობითი მოტეხილობებით და სხვა ტიპის დაზიანებებით კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანა. ინგა მეკეიძეს გული ჯერ გზაში, შემდეგ კი საავადმყოფოში რამდენჯერმე გაუჩერდა. დაღუპული ბავშვების დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილებს შორის არიან 43 წლის მაია თოდუა და მისი 12 წლის შვილი, დავით შომახია. მათი ცხედრები მაშველებმა ჩამოშლილი კორპუსის ბეტონის ფილებს შორის მხოლოდ დღეს, შუადღეს ნახეს. მაშველებს 24 საათზე მეტი დასჭირდათ იმისათვის, რომ ტერიტორია ტექნიკის გარეშე, ხელით გაესუფთავებინათ და გარდაცვლილი დედა-შვილი ამოესვენებინათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვის მამა საკუთარი ოჯახის წევრების ამოყვანას გარეთ ელოდებოდა. მათი კიდევ ერთი შვილი კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, ბავშვი მამამ სკოლაში წაიყვანა.
ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოასვენეს 32 წლის დავით თავდგირიძეც. მაშველებმა გუშინვე მიაგნეს 81 წლის ქალის ცხედარსაც. ნგრევას ამ დრომდე კორპუსში მყოფი მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც 11-საათიანი საძიებო ოპერაციის შემდეგ იპოვეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მაშველებთან ტელეფონით იყო კავშირზე და საკუთარი და ნანგრევებში მოყოლილი მეზობლების გადასარჩენად იბრძოდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მოტეხილობებით, დაჟეჟილობებით და მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება ამ დრომდე მძიმეა.
ნგრევის შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ ახალგაზრდა ქალი, 2 ჩვილი ბავშვით და მეუღლით. მაშინ როცა საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა, ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად იმავე შენობის პირველ სართულზე, კლინიკაში იმყოფებოდა. მეუღლე და წლინახევრის მეორე შვილი კი მას მანქანაში ელოდებოდნენ. ავტომობილის დიდი ნაწილი ნანგრევებს შორის მოყვა. ბეტონის ფილა მაშველებმა და ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ ერთად გადაწიეს. ბავშვისა და მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე სახლში აგრძელებენ მკურნალობას.
სამაშველო სამუშაოები ბათუმში, მემედ აბაშიძის და 26 მაისის ქუჩების კვეთაზა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სადარბაზოდან მოქალაქეების ამოყვანას მთელი დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე მაშველი ცდილობდა.
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.