logo
ENG



რეანიმატოლოგი: სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი

18 ნოე 202121:15
3 წუთის საკითხავი
 
რეანიმატოლოგი: სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მას დამატებითი კვლევები უტარდება. 

"ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რადგან მისი მდგომარეობა იმ წუთას მკვეთრად დამძიმდა. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები - ეს უამრავ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში", - ამბობს რეანიმატოლოგი. 

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. როგორც ბასილაიმ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკაცით გადაიყვანეს.  მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა