შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ატენში სასტიკად ნაცემი რამაზ მიხანაშვილი გარდაიცვალა.
შემთხვევა ატენში 29 ივლისს მოხდა. 31 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
უწყების განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, მიხანაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა.
კლინიკაში შეყვანისას მიხანაშვილს თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია აღენიშნებოდა და ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმე იყო.
31 ივლისს შსს-ს თანაშრომელი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავეს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
9 აგვისტოს კი პროკურატურამ ატენში მომხდარზე ორ ადამიანს ბრალდება დაუმძიმა. მათ შორის ერთ-ერთი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო.
კერძოდ ორივე მათგანს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას გულისხმობს.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს", - წერდა პროკურატურა.
ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 9-დან 13 წლამდე ვადით ემუქრებათ.