logo
ENG



რეპრესიების საბოლოო ინსტანცია არის სასამართლო სისტემა - გოცირიძე

10 თებ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ივანიშვილის სისტემის რეპრესიების საბოლოო ინსტანცია არის სასამართლო და სწორედ ამის ეშინოდა ოპოზიციას, როცა პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას აპროტესტებდა.

„ძვირად დაუჯდებათ უგულავას უსამართლოდ დაკავება. როცა ვიბრძოდით მოსამართლეების დამტკიცების წინააღმდეგ, ეს შიშები გვქონდა. რა დიდი ინტუიცია ამას უნდოდა, რომ მარიონეტებს ამზადებდა ივანიშვილი. რეპრესიების საბოლოო ინსტანცია არის სასამართლო სისტემა. პარლამენტია იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც ეს განაჩენი გამოიტანა და ამისთვისაც აგებენ პარლამენტარები პასუხს. როცა ხელისუფლება ვარდება აგონიაში და დგამს უგუნურ ნაბიჯებს, ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება დამთავრებულია. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს - ხელისუფლების შეცვლის კანონიერი გზა არის არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი აკეთებს არჩევანს - აირჩევს ასლან აბაშიძის გზას თუ გადააბარებს მომავალ ხელისუფლებას კანონიერად. როცა პირდაპირი ზეწოლაა მედიაზე, საქმეებია აღძრული ოპოზიციონერ ლიდერებზე - ვხედავთ, რომ ქვეყანაში მმართველი არის ადამიანი, ვინც მიწას უთხრის საკუთარ თავს", - აცხადებს რომან გოცირიძე.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა