logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის მისაღებში აქციას მართავს

23 მარ 202314:41
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკის მისაღებში აქციას მართავს. ისინი კლინიკის დანგრევასა და მათი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებსა და განმარტებებს ითხოვენ.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ბუნდოვანია და მათთვის კონკრეტული ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

ექიმების ერთი ნაწილი ამ საკითხზე დაკავშირებით საავადმყოფოს დირექტორთან შეხვედრას მართავს.

"ჩვენი პროტესტის საფუძველი არის ის, რომ ეს ყველაფერი არის სრულიად გაურკვეველი. ერთი დღე თენდება, ვიღაცა რაღაცის დანგრევას იწყებს, მეორე დღეს იტყუებიან, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო, შემდეგ გამოდიან შვებულებაში შეგვიძლია, გაგიშვათო. რეალობას კი რასაც ვხედავ არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩამოუყალიბებელი გეგმის ნაწილია, რომლის უკანაც რა ფარული მიზნებია მაგაზე მე მხოლოდ წარმოდგენები მაქვს, მაგრამ ეს წარმოდგენებიც კარგი არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი რაც აქ მოხდება, მოხდეს ისე, რომ აქ მომუშავე პერსონალს მიეცეს საშუალება, გააგრძელოს თავისი სამედიცინო მომსახურება"- ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.


close დახურვა