რესტორატორები მთავრობისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე - როდის გაიხსნება რესტორნები. ისინი საგანგებო მიმართვის გავრცელებასაც გეგმავენ.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, ამ სფეროში დასაქმებული 250 ათასი ადამიანი უკვე დარჩა უმუშევარი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ეტაპობრივად დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, თუმცა, როდის გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები, ჯერჯერობით უცნობია.
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ გაიხსნას კაფე-რესტორნები. ეს არის სასიკვდილო განაჩენი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თითქმის ყველა ბიზნესი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და რომელიმე სფეროს დაზარალება, ეს არა მხოლოდ ამ სფეროს მოკვდინებას გამოიწვევს, არამედ სხვა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მომიჯნავე სფეროების დაღუპვასაც. ამ სფეროში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული, 250 ათასი ახლა უსამსახუროდ არის დარჩენილი". - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
"რაც ახლა გვჭირდება, არის გადაწყვეტილების ცოდნა დროულად. ეს არ ნიშნავს ერთი კვირის ან ერთი დღის მერე. ხვალ, ზეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა ვიცოდეთ. ბაკურიანი, გუდაური მთლიანად უნდა გაიხსნას მაქსიმუმ 1-ლ თებერვალს. თებერვალში თუ არ გავხსენით, მერე მთის კურორტების გახსნას საერთოდ აზრი ეკარგება. ამ წუთას მთავრობისგან არაფერი არ გვინდა, გარდა ნებისა და უფლების მოცემისა, რომ ვიმუშაოთ. მოგვეცით უფლება, რომ ქვეყანაშ მოვიტანოთ ფული, რომ სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა ხელფასები აიღონ" - მიმართა მთავრობას სასტუმროების და რესროტნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა.