logo
ENG



რვა წლის განმავლობაში ფულის ფლანგვამ ახლა ჩაგვარტყა ზურგში - ჭიაბერაშვილი

01 ივნ 202021:51
3 წუთის საკითხავი
clock 388

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ფინანსების უყაირათოდ ხარჯვამ შედეგი ახლა, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს გამოიღო და მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, მთავრობამ უნდა მოუსმინოს პარტიის შეთავაზებას, მეტი ფული დატოვოს ეკონომიკაში - ეს ყველაფერი, მისი თქმით, საჭიროა ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. 

„არ ჰყოფნით კომპეტენცია, არ ჰყოფნით პოლიტიკური ნება და არ ჰყოფნით იმის გააზრება, რა სჭირდება ხალხს. გავიხედოთ ექვსი თვით წინ - ყველა აქ, ამ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. თუ ეკონომიკას არ ამოვქაჩავთ სწრაფად, საიდან მოვა თანხები, რითაც ეს დახმარების თანხები უნდა გაიცეს. გვჭირდება, რომ მთავრობამ ქამრები მართლა შემოიჭიროს, აკრიფოს ნაკლები გადასახადი, მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რომ ხალხი ნაკლებად გახდეს მთავრობის დასახმარებელი. ეს საბანი, რასაც ბიუჯეტი ჰქვია, ყველას ვერ გასწვდება.

ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ გეგმაში გავწერეთ, რომ შესამცირებელია ბიუჯეტში ფინანსები, გვჭირდება საგარეო ვალი 1 მილიარდის ოდენობით. ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობთ, როგორ უყაირათოდ ხარჯავდა მთავრობა ფულს ბოლო რვა წელიწადში. მშპ-სთან შედარებით 30% იყო ვალი 2012 წელს და ეს ყველაფერი გაზარდეს მათ. ახლა უნარი, მთავრობამ აიღოს ვალი და მეტი დახმარება გაუწიოს ეკონომიკას, შეზღუდულია. ამ მფლანგველობამ ახლა დაგვარტყა ზურგში", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


close დახურვა