logo
ENG



რიონის ხეობის მცველებთან სოციალური სამართლიანობის ცენტრიც წყვეტს თანამშრომლობას

06 ივლ 202118:53
3 წუთის საკითხავი
 
რიონის ხეობის მცველებთან სოციალური სამართლიანობის ცენტრიც წყვეტს თანამშრომლობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის შემდეგ, რიონის ხეობის მცველებთან თანამშრომლობას სოციალური სამართლიანობის ცენტრიც წყვეტს. მათ განცხადებაში წერია, რომ ხეობის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი აქციის მხარდაჭერა მიუღებელია. 

"რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარილებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ამ რეალობაში “რიონის ხეობის მცველების” მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ".

5 ივლისის დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდებოდა. 

ამ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ჩამოვიდნენ "რიონის ხეობის მცველები", მათ შორის ვარლამ გოლეთიანი. 

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, გოლეთიანი ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება. ​

"პრაიდთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ აზრი, ის, რომ მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებეთ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანებს მიმართ თუ მედიის მიმართ, ან საერთოდ ძალადობის ფენომენი ბუნებრივია არის მიუღებელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენც შესაბამისად ამ ყველაფერს ვემიჯნებით. უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც არასწორ ფორმას, პროპაგანდას გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით", - თქვა გოლეთიანმა.


close დახურვა