ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები დღეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავენ, შემდეგ კი, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და ჰესის მშენებლობაში კომპანიას ადგილზე შეუშლიან ხელს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი რამ: სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია, მათ შორის, დღევანდელი დასკვნითაც, რომელიც გასაჯაროვდა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებითაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში და ამის შემდეგ, უკვე, ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი, ასე ვთქვათ, არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ჩადის და აკეთებს.
ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ", - განაცხადა გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.
დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს.
ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს.