logo
ENG



რიში შეთანხმებაზე: შეშფოთებული ვარ, რომ ზოგი პარტია უკვე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს

26 ივნ 202112:06
3 წუთის საკითხავი
 
რიში შეთანხმებაზე: შეშფოთებული ვარ, რომ ზოგი პარტია უკვე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ მოხარულია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ყველა პარტიას, ხელი მოაწეროს და შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება. 

ამასთან, ის შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი პარტიის არაკეთილსინდისერების გამო. 

"მე შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია საქართველოში უკვე არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და არ სცემს პატივს მიღწეულ შეთანხმებას. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში უკან უნდა მოიტოვოს მათი უთანხმოებები და გააგრძელოს წინსვლა შეთანხმების დებულებების შესაბამისად. აშშ გააგრძელებს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას ქართველი ხალხისთვის". - აცხადებს ჯიმ რიში. 

ჯიმ რიშის შენიშვნა შეთანხმების შესრულების არაკეთილსინდისერების შესახებ, სავარაუდოდ, ეხება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 19 აპრილის დოკუმენტში არსებული შესაბამისი ჩანაწერის მიუხედავად, არ შეაჩერონ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი. 

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა. 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.

რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ჯიმ რიში გამოეხმაურა - ის აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით წარადგინეს. 

რეზოლუციაში, რომელიც სენატმა წარადგინა, ნათქვამია, რომ სენატი მიესალმება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას. 

ამასთან, მოუწოდებს ენმ-ს და სხვა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს. 

მოუწოდებს ყველა პარტიას, სხვა პარტიებთან კეთილსინდისიერად ითანამშრომლონ. 

რეზოლუციით სენატი მოუწოდებს პარტიებს და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ისე დასუსტებულ ეკონომიკას, დემოკრატიულ პროცესს და რთულ რეგიონალურ ვითარებას. 

სენატი რეზოლუციით მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს სისტემური რეფორმები. უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ სასამართლო არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები. 

ასევე, აშშ ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის სრულად გატარების მნიშვნელობას, რომელიც უნდა დაინერგოს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. 

სენატი გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესის გაძლიერების შეფერხება შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების ასრულების და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების მიღების წინაპირობების დაწესება. 


close დახურვა