ქართული ოცნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
ამ თემაზე ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭო მას შემდეგ გაიმართა, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა და ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება სასამართლო სისტემაში მიმდინარე დანიშვნებისთვის. მათი განცხადებით, ამით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება ირღვევა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.
იგი იხსენებს შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს და ამბობს, რომ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა, მანამდე კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სამი მოსმენით უკვე მიღებული იყო.
"[მარტში] პარტნიორებთან შეჯერდა პოზიცია, რომ უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო პროცედურები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდა განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკების პროცესი." - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს ზეპირი შეთანხმება კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში აისახა.
კობახიძის თქმით, დანიელსონის ტექსტის შესაბამისად მოქმედება ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, აპრილში კი კანონი მიიღეს.
"საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აპრილში სამი მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას:
- დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა - საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, დაწერილი ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;
- შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი - ახალი კანონი ადგენს იმის გარანტიას, რომ პარლამენტს არ წარედგინება არცერთი ისეთი კანდიდატი, რომელსაც წარუდგენელ კანდიდატზე ნაკლები ქულა აქვს მიღებული;
- შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი - ორ-ორჯერ გასაჩივრებას ექვემდებარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები კანდიდატების კენჭისყრის ეტაპზე გადაყვანისა და პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ", - თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, ამით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა:
"ხელისუფლებამ თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა".
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.