logo
ENG



როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას პატრიოტთა ალიანსის გავლით - გამოძიება

24 აგვ 202017:07
3 წუთის საკითხავი
clock 9063
bzgzrrdz3t2fms1.jpg

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება - ინფორმაციას, თანდართული დოკუმენტებით, ორგანიზაცია "დოსიე" ავრცელებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსს" დაუქირავეს და მიუჩინეს პოლიტტექნოლოგები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატება.

დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი, რა რჩევებს აძლევენ მოსკოვში ქართველ პოლიტიკოსებს - გზავნილები ანტიდასავლურია.

საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში ჩართულ კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაზეც.


გამოძიება

ცენტრი "დოსიე" აღნიშნავს, რომ მათ, გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, ხელში ჩაუვარდათ სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები.

დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი, "დოსიეს" ცნობით, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა და ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს -
სტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

დოკუმენტები კარგად აჩვენებს, როგორია კრემლის ე.წ. "რბილი ძალა": როგორ იბირებენ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და ჟურნალისტებს მიმდებარე ქვეყნებიდან, როგორია კრემლის ინსტრუქციები საპროტესტო განწყობის გაღვივების, პროვოკაციების მოწყობის შესახებ და ა.შ.

როგორც "დოსიე" აღნიშნავს, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში კრემლი ფსონს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავზე დებს.

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები - ФСБ-ს  თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი - კურირებენ.

დოკუმენტები მიხედვით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა "პატრიორთა ალიანსის" გაპიარების წინასწარი გეგმა.

ამონარიდი დოკუმენტიდან:

"პროექტის საერთო ღირებულება 700 ათასი დოლარია. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტირების, ცხოვრების და ა.შ. ხარჯების ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ზოგიერთი ხარჯი, შესაძლებელია ამის ცალკე განხილვა.
მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მონაწილეობა მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ უნდა იქნას ცალკე."

 

"დოსიეს" ცნობით, სერგეი მიხეევი საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტოლოგს და ახლომდებარე ქვეყნების სპეციალისტს უწოდებს. 2010 წელს მან კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი დაარსა, რომლის ერთადერთი დამკვეთი რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოა - მან ინსტიტუტს მილიონი რუბლი გადაუხადა. გარკვეული დროის განმავლობაში მიხეევს России-1-ზე გადაცემა მიჰყავდა. 2014 წელს, ლიტვის ინიციატივით, ის ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

"დოსიესვე" ცნობით, მიხეევი ბელარუსის მოვლენებშიც იყო ჩართული. მისი ადრეული განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც მან რადიო «Вести FM»-ზე და "Соловьев Live"-ზე გააკეთა, კრემლმა თავდაპირველად პოლიტიკის სტრატეგოსს ლუკაშენკოს კრიტიკა დაავალა, ამაზე მისი გამოსვლებიც მიანიშნებს, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ახლა მიხეევი ბელარუს ხალხს ქარხნების დახურვით, ტოტალური უმუშევრობითა და "ნატოს" ჯარებით აშინებს. 

 

"დოსიე" ყვება პატრიოტთა ალიანსის საქართველოში საქმიანობის შესახებ, აღნიშნავს მის წვლილს 2012 წელს ციხის კადრების გამოქვეყნებაში. ასევე აღნიშნულია, რომ ინაშვილს მიჰყავს გადაცემა "ჯადოსნური ყუთი", რომელშიც მონაწილეებს 700-დან 1000 დოლარამდე ღირებულების საჩუქრებს გადასცემენ.

მიხეევთან წინასაარჩევნო სტრატეგიის განხილვისას პატრიოტთა ალიანსიდან ირწმუნებიან, რომ "ყველა ეს სიუჟეტი საკმარისია არჩევნებამდე. დატრიალდება ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში". მიხეევი კი პასუხობს: "ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა სექტემბერსა და ოქტომბერში ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს, კონსულტაცია გაიარეთ იურისტებთან".

 

 

 "დოსიე" საუბრობს დავით თარხან-მოურავზეც - ისინი აღნიშნავენ, რომ მისი მეუღლე და შვილები მოსკოვში ცხოვრობენ და იქ ბიზნესი აქვთ. მათთანაა თარხან-მოურავის ძმაც, კომპოზიტორი და მუსიკოსი გიორგი თარხან-მოურავი, ფსევდონიმით გოგა TM. "დოსიეს" ინფორმაციით, 2014 წელს ის თაღლითობის საქმეში ერთერთი ფიგურანტი იყო - ამავე ცნობებით, მან  გარდაცვლილ ქალთან ქორწინების ყალბი მოწმობა დაამზადა, მოსკოვში მისი ბინის დაუფლების მიზნით. ის დააკავეს. "დოსიესთან" ის ამ ყველაფერს უარყოფს.


 

"დოსიეს" ცნობით, ყველაფერი მიუთითებს, რომ 700 ათასი დოლარი, რომელსაც მიხეევი ახსენებს, გამოინახა და მუშაობა დაიწყო. გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსკოვში საარჩევნო კამპანიის ოთხი თვის ბიუჯეტი გაგზავნეს. ისინი სუვენირებზე $166 667-ის დახარჯვას გეგმავენ, ზოგად ხარჯები კი $8 430 625-დაა შეფასებული.

 

როგორია წინასაარჩევნო ინტრუქციები

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიას POLITSECRETS ვერა ბლაშენკოვა ხელმძღვანელობს. ის ასევე არის თანაავტორი წიგნისა "როგორ ვმართოთ ქალები". თავად კომპანიის ცნობით, მას ჩატარებული აქვს წარმატებული საარჩევნო კამპანიები რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინაში.

 

ბლაშენკოვას მიერ გაგზავნილ ინსტრუქციებში დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ უნდა იმუშაოს პატრიოტთა ალიანსმა გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან, გააღვივოს საპროტესტო განწყობა და წაართვას ხმები "ქართულ ოცნებას", "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", "ერთიან საქართველოს".

ინსტრუქციებში წერია, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას. მოყვანილია იმის მაგალითებიც, თუ რა უნდა თქვან კამპანიისას:

"მაგალითი: ამერიკელების ფინანსური დახმარების მისაღებად, მათი მოკავშირეები დათანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, მათი ადრეული სქესობრივი აღზრდის, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტული განწყობის განვითარების საფარქვეშ";

"მაგალითი: თუ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ გველის უმუშევრობა და ხალხის წასვლა. ქართველები კვლავ არალეგალური მიგრანტები გახდებიან ევროკავშირში";

 

როგორც ჩანს ქვეთავში სახელწოდებით "ამომრჩეველში შურისა და სიხარბის გაღვივება", პოლიტოლოგები ქართველი ხალხის ემოციებზე თამაშს იმედოვნებენ:

"მაგალითი: მოყევით სხვა პარტიების წევრებზე - რას ჭამენ, სვამენ, იცვამენ, რა მანქანები ყავთ, სად სწავლობენ მათი შვილები - ფასებით. მოახდინეთ განსხვავების დემონსტრირება საერთო სიღარიბის ფონზე მუდმინვი შედარების გზით“.

ქვეთავში "ელექტორატის გაყოფა" მოსკოველი ისნტრუქტორები ასწავლიან, როგორ მიაყენონ ჩრდილი ოპონენტებს:

"ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ოპონენტებს შორის კონფლიქტებს და დავყოთ ისინი, განსაკუთრებით, თუ კოალიციაში არიან. ამის გაკეთება უმნიშვნელო ფაქტებზეც შეიძლება. ჩვენი ამოცანაა, შემოვიტანოთ საკვანძო აზრი - ოპონენტები აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, ვერ იტანენ ერთმანეთს და ნებმისმიერ დროს უღალატებენ. ამომრჩევლის თვალში თანხმობის გაუფასურებაა საჭირო. საჭიროა ირიბი მოქმედება“.

 "დოსიეს" ცნობით, POLITSECRETS-ის თანამშრომლები რჩევებით არ შემოფარგლულან და პატრიოტთა ალიანსისთვის ვიდეორგოლებიც დაამზადეს, რამაც ქართულ ტელეეთერებში უნდა იტრიალოს. მოსკოველების ჩანაფიქრით, ვიდეორგოლებმა რიგით ქართველ ამომრჩეველს უნდა შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი ზრუნავს მათზე.

აღსანიშნავია, რომ ბლაშენკოვა ითხოვს, მოსკოვში გაგზავნონ იმ ადამიანების მონაცემები, ვინც უპირობოდ უჭერს მხარს პატრიოტთა ალიანსს (ფოტო, პროფესია, სამუშაო სფერო, ა.შ.). "დოსიე" აღნიშნავს, რომ მიზანი გაურკვეველია, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა 15 ადამიანის პროფილი გაგზავნა. მათ შორისაა საქათველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, პოლიციის გენერალი ავთო ენუქიძე, ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია და ეროვნული კომუნიკაციების სააგენტოს პრეზიდენტი დავით ზილფიმიანი.

 

ბლაშენკოვას კონტაქტი თბილისში

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ფსიქოლოგი და პოლიტიკური სტრატეგოსი ვერა ბლაშენკოვა თბილისში მუდმივ კონტაქტში იმყოფება ვინმე ანანასთან და მას "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს. ბლაშენკოვა მას აჩქარებს, ნერვიულდება და პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას საყვედურით მიმართავს ნელი და ნაკლოვანი კომუნიკაციის გამო. ანანა ბოდიშებს იხდის: 

"ძვირფასო ვერა, ჩემი სახელით გწერ. ხელმძღვანელობას ასეთ ბრაზიან წერილებს ნუ უგზავნი. შეგიძლია მე მომწერო მასე, მაგრამ არა ხელმძღვანელობას. პარტიის ხელმძღვანელობა მასეთი ხალხი არ არის, ისინი განსხვავებულები არიან. თან, მენეჯმენტს მოეწონა შენი ნამუშევარი. მხოლოდ ამ ხალხს ესმის, როგორ მოაწყონ აქციები ამ ქვეყანაში, და ის ფაქტი, რომ ინფორმაციის მიმოცვლა არ ხდება, არ ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება. ჩვენ შორის უფსკრულის გაშენება არ არის აუცილებელი. ეს ბევრ რამეს დააზიანებს".

ანანასთან მიმოწერას ბლაშენკოვა მიხეევს უგზავნის, რომელიც, თავის მხრივ, წერილებს კრემლში კავკასიის კურატორებს აწვდის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან ინტერრეგიონალური და კულტურული ურთიერთობების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსს, უშიშროების სათადარიგო პოლკოვნიკს ვალერი მაქსიმოვს და "გრუში" მის შემცვლელს ვალერი ჩერნიშოვს. 

 

მედია მხარდაჭერა

"დოსიეს" ცნობით, იმავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსისთვის" საინფორმაციო მხარდაჭერაში ჩართულია მოსკოვის მიერ დაფინანსებული "სპუტნიკი", ახალი ამბების სააგენტო "Eurasia Daily", ახალი ამბების სააგენტო "Regnum" და პოლიტიკური მეცნიერებების ცენტრი "ჩრდილო-სამხრეთი", რომელსაც ანგელიკა ტრაპეზნიკოვა ხელმძღვანელობს. ცენტრის ცნობით, ტრაპეზნიკოვა კვირაში ერთხელ დეტალურ ანგარიშებს აგზავნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, და კრემლის კორპორატიულ წვეულებებზეც ხშირი სტუმარია, სადაც კურატორ ვალერი მაქსიმოვთან და რუსეთის საგარეო სპიკერთან მარია ზახაროვასთან პოზიორობით "იწონებს თავს". 

ვინ არიან ჩერნიშოვი და მაქსიმოვი, რომლებიც, "დოსიეს" ცნობით,  პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევს კურირებენ

ახლო მოსაზღვრე ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო პუტინმა 2005 წელს, ფერად რევოლუციებთან საბრძოლველად შექმნა. უწყების საკვანძო პოზიციებზე საგარეო დაზვერვის, "გრუს" და უშიშროების თანამშრომლები არიან დასაქმებული. "დოსიემ" მოიპოვა ის CV, რომლებიც ჩერნიშოვმა და მაქსიმოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას დასაქმებისთვის წარუდგინეს

მაქსიმოვმა საკუთარ დოსიეში მიუთითა, რომ: 

"მსახურების პერიოდში ის პერმანენტულად ორგანიზებას უკეთებდა და მონაწილეობდა ავღანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და შვედეთში უცხოელ პარტიორებთან ბიზნეს მოლაპარაკებებში. 1998-2001 წლებში იგი იყო ექსპერტი ბალტიის ქვეყნების საბჭოს ოპერატიულ კომიტეტში".

რაც შეეხება ჩერნიშოვს, "დოსიეს" ცნობით, მან 2003 წელს წარჩინებით დაასრულა თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტის საგარეო სამხედრო ინფორმაციის ფაკულტეტი, გაიარა სტაჟირება კოსოვოში, იმსახურა ტაჯიკეთსა და აფხაზეთში და ასწავლიდა სპეციალურ საგნებს "გრუს" ბაზაზე, მოსკოვთან ახლოს, სოფელ ზაგორიანსკში. 

ამავე ცნობებით, მაქსიმოვი და ჩერნიშოვი პირდაპირ დაქვემდებარებაში არიან უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, საგარეო დაზვერვის გენერალთან ვლადიმირ ჩერნოვთან, რომელიც პუტინის ახლო მეგობრის, სერგეი ივანოვის, ახლო წრიდანაა.

"დოსიეს" ინფორმაციით, 1977 წელს "გრუსა" და "კგბ-ის" ოფიცერი ჩერნოვი ინგლისში მივლინებაში გაუშვეს, სადაც ის ხორბლის საერთაშორისო საბჭოს საფარქვეშ მუშაობდა. შემდგომ იგი ჰელსინკში გადაიყვანეს, სადაც სავაჭრო ორგანიზაციის საფარქვეშ ჯაშუშობდა. იმ დროში სერგეი ივანოვი ფინურ რეზიდენტურაში მსახურობდა და ამ ნაცნობობამ განსაზღვრა მთელი მისი შემდგომი ბედი. გენერალი საბჭოთა დაზვერვის ცნობილი წარმომადგენლის, კიმა ფილბის ფონდის და ფონდ "რუსული სამყაროს" მმართველობის წევრია, რომელსაც სათავეში უდგას კომისარ მოლოტოვის შვილიშვილი და "რუსული გაზაფხულის" ერთ-ერთი იდეოლოგი ვიჩესლავ ნიკონოვი.  

 

 

 

 


close დახურვა