logo
ENG



რურუას გათავისუფლებამდე პროცესში არ ჩავერთვებით - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

31 მაი 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი იწყება. დაგეგმილია ორი საერთო სახალხო განხილვის ორგანიზება. 

პირველი საკონსტიტუციო კომისიის სხდომა 4 ივნისს არის დაგეგმილი. იგი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა. ამის შემდეგ პროცესი გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში, გაივლის ბიუროს სხდომას, რის შემდეგაც საკითხის განხილვა საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 21 ივნისს გაიმართება. 

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, პროექტი მაინც მოაგროვებს 113 ხმას, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია. 

"მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ გააგზავნონ შეკითხვები. შემდეგ კომისიის წევრები გასცემენ პასუხებს. ამას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ ვინმე დააყენებს საპირწონედ გიორგი რურუას საკითხს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებულ დაპირებასთან და ქვეყნის მომავალთან, ეს მათი გადასაწყვეტია. არ მგონია, ეს პოზიტიურად აისახოს, თუნდაც მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.  

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილებში იქამდე არ ჩაერთვებიან, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. 

"საზოგადოება არის მთლიანად ინფორმირებული და მათი პოზიცია ცნობილია. მივაღწიეთ კომპრომისს, თუმცა ამას სჭირდება შეთანხმების ბოლომდე შესრულება. პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფალი. პირველი მოსმენა არის წყალგამყოფი მომენტი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძეც.  

"მიღწეული იქნა 2-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის ერთი ნაწილი არის დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. სანამ ხელისუფლება თავის წილ შეთანხმებას არ შეასრულებს, ეს შეთანხმება ძალაში შესულად ვერ ჩაითვლება. ოპოზიცია განხილვებში იქამდე არ ჩაერთვება, სანამ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება", - ამბობს ბარამიძე. 


close დახურვა