logo
ENG



რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, არ მუშაობს - გიგი წერეთელი

28 ოქტ 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
oa66avwwstf5dnj.png

პარლამენტში სუს-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნებს უსმენენ. საუბრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობაა, რაზეც  ოპოზიციას მწვავე შეკითხვები აქვს.  „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის შეფასებით, თუ არ იქნება საქართველოს მხრიდან პრინციპული პოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია, შესაძლოა მავთულხლართთან ერთად, გამყოფ ხაზზე ჯარიც ჩადგეს.

როგორც მან პარლამენტში, ატოცში მიმდინარე მოვლენების განხილვის დაწყებამდე განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, არ მუშაობს.

„ის, რაც ატოცში და მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით ხდება, საგანგაშოა, რადგან ეს პროცესი არანაირად არ ჩერდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთის არგაღიზიანებაზე იყო ორიენტირებული, მთელი ამ წლბის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან, არ მუშაობს. იმის თქმა, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცი იდგება თუ მავთულხლართი, არამგონია რელევანტური იყოს. არც ერთი და არც მეორე არ უნდა იდგეს. თუ ამგვარად შევხედავთ ამ პროცესებს, შეიძლება ორივე დადგეს, თუ საქართველოს მხრიდან პრინციპული პოზიცია არ იქნება და არ მოხდება საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია“, - განაცხადა წერეთელმა.

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მთავრობის პოლიტიკა სამშვიდობოა და სწორედ ამით გამოირჩევიან ისინი სხვა პოლიტიკური ძალებისგან.

"რა რეაქცია მექნება თუ ვიღაცა მესვრის, მეც ადეკვატურად გიპასუხებთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო და ამით გამოვირჩევით სხვა პოლიტიკური ბევრი ძალისგან, ამ გზაზე მივდივართ და აქ ვხედავთ ჩვენ დეოკუპაციის მიზნებს და აღსრულების რეალურ მექანიზმებს, ვხედავთ მშვიდობაში და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაში", - განაცხადა მდინარაძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში, გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების ახალ ზომებზე იმსჯელებენ.

„ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკითხებზე, რომელიც ამ ტერიტორიებიდან გამომდინარეობს. ვიმსჯელებთ უსაფრთხოების ახალ ზომებზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უკანონო ბორდერიზაციას, ვიმსჯელებთ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან ადგილზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გამო“, - განაცახადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ღობის გავლება განაახლეს, რასაც ადგილობრივების კუთვნილი კიდევ რამდენიმე ჰექტარი შეეწირა.


close დახურვა