logo
ENG



რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

04 მარ 202211:58
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. რუსეთის დუმამ კანონპროექტი ერთსულოვნად მიიღო. 

ამ კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ "ყალბი ინფორმაცია" გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. თუ "არასანდო ინფორმაციის" გავრცელებამ "მძიმე შედეგები გამოიწვია", დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნული კანონი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასაშუალებებს. 

3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა კრიტიკულმა ტელეარხმა TV Rain-მა. რედაქტორებისა და თანამშრომლების ნაწილმა კი რუსეთი დატოვა. მანამდე მარეგულირებელმა სამსახურმა TV Rain-ისა და ეხო მოსკვის ვებგვერდები დაბლოკა.

დღეს კი რუსეთში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და გამოცემა Meduza-ს ვებგვერდების დაბლოკვა დაიწყო. 

მანამდე რუსეთის მარეგულირებელმა სამსახურმა მედიებისგან მოითხოვა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია რუსული ოფიციალური წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელონ. გარდა ამისა, მარეგულირებელი მოითხოვა მედიებისგან, რომ წაეშალათ შენიშვნები, სადაც უკრაინის ვითარება აღნიშნული იყო, როგორც "ომი" და "თავდასხმა".

 


close დახურვა