logo
ENG



რუსეთის დუმის დეპუტატი ნავალნიზე: "ნოვიჩოკს" საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ

02 სექ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 
1bp2tj5qf0pk9d3.jpg

"რუსეთი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში არსებობს", - ამბობს რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი სააგენტო RIA-სთან საუბრისას. 

შვიტკინი გერმანიის მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. 

ნავალნი​ ამჟამად ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია.

"უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ქიმიკატების დამზადება არ ხდება. როგორც ვიცით, ასეთი ქიმიკატები, ასეთი ტოქსიკური ნივთიერებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, ისევე როგორც აშშ-ში არის ხელმისაწვდომი", - უთხრა შვიტკინმა RIA-ს

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სავარაუდოდ, თბილისში არსებული ლუგარის ცენტრი იგულისხმა, რომლის წინააღმდეგაც დეზინფორმაციას უკვე წლებია რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს. 

დღეს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ფედერალური ხელისუფლება განიხილავს, თუ რა იქნება ადეკვატური ერთობლივი პასუხი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით"

შვიტკინი გერმანიის მთავრობის საპასუხოდ ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პასუხისმგებლობის ტვირთის რუსეთზე გადატანას ემსახურება. 

"ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სრული აბსურდია და არავითარ არგუმენტაციას, არავითარ მტკიცებულებებს არ ემყარება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების მიკერძოებულობას, რათა სკრიპალისა და ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგელბობის ტვირთი ჩვენს ქვეყანაზე გადმოიტანონ", - უთხრა შვიტკინმა RIA-ს

 

 


close დახურვა