რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს.
ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს მოთხოვნა, რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე "თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტურია."
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, — განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეოში.
ამასთან ერთად, უწყებაში "იზვესტიას" უთხრეს, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციის ნაბიჯების გადასადგმენლად იმდენად, რამდენადაც ამისთვის თავად თბილისი იქნება მზად.
„ბურთი ქართულ მხარესაა, რომელიც, როგორც მიგვაჩნია, ამით ყველაზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული“, — თქვეს სამინისტროში.
