სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი მომავალ თვეს დანიშნულ სასამართლოს სხდომამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. მომავალი თვის სასამართლო პროცესზე გაირკვევა, გაათავისუფლებს თუ არა რუსეთის სასამართლო ნავალნის პატიმრობიდან. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რუს ოპოზიციონერს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება თაღლითობის საქმეში, რომელიც რუსეთის პროკურატურას უკვე წლებია აღძრული აქვს.
18 იანვრის სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნავალნის რუსეთში დაბრუნებიდან ერთ დღეში გაიმართა, კრემლის კრიტიკოსს 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ნავალნი 17 იანვარს, მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც საბჭოთა ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამვლის გამო 5 თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსი ოპოზიციონერი გერმანიიდან ბრუნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ნავალნის და საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ნავალნის მოწამვლა ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მიერ იყო ორგანიზებული, კრემლი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.
თავად ნავალნი კი ქვეყნის მასშტაბით ძებნილთა სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც მან პრობაციის პირობები დაარღვია და მკურნალობის მიზნით, რუსეთის საზღვრებს გარეთ იმაზე მეტ ხანს დაჰყო, ვიდრე სასამართლოს განაჩენი ითვალისწინებდა.
რუსეთის პროკურატურამ ნავალნის დაკავების შემდეგ სასამართლოს პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართა.
ოთხშაბათს, 27 იანვარს რუსმა სამართალდამცველებმა ნავალნის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ნავალნის დაკავების შემდეგ რუსეთის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც მრავალი დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა. კვირას, 31 იანვარს არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.