რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი მანამ არ გაიმართება სანამ ხერსონსა და ახლომდებარე რეგიონებში, ოდესასა და მიკოლაევში შეტაკებები არ შეწყდება.
კირილ სტრემუსოვი Reuters-ს უყვება რომ რეგიონში ამჟამად რეფერენდუმის შესახებ არავინ საუბრობს და ამ ეტაპზე მიზანი რეგიონში „წესრიგის აღდგენაა“.
„ჩვენ მოგვიანებით გამოვაცხადებთ, როდის გაიმართება რაღაც ტიპის ხმის მიცემა ან პლებისციტი, თუმცა ეს არ იქნება დღეს და ხვალ, რადგან ჩვენი პირველი მიზანი წესრიგის აღდგენა და ხერსონის რეგიონში ადმინისტრაციული სისტემის ორგანიზებაა“ - განაცხადა სტრემუსოვმა.
ხერსონი, რომელიც უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსების კონტროლქვეშაა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს რომ რუსული ძალები და პრორუსი ე.წ ადმინისტრაცია რეფერენდუმს ამზადებდნენ, რაც 2014 წელს დონბასში სეპარატისტული რესპუბლიკების შექმნის სცენარს ჰგავს.
მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი სავარაუდოდ გადაიდო, სტრემუსოვმა აღნიშნა, რომ პრორუსული ხერსონის პრორუსი ე.წ მთავრობა რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას მოითხოვს. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი ადმინისტრაცია ხერსონში ახალი „საბანკო სისტემის“ შექმნას ცდილობს, რაც სრულად რუსეთის საბანკო სისტემაში იქნება ინტეგრირებული.