logo
ENG



რუსეთის ჯარზე "სიცრუის გავრცელების" ბრალდებით, მოსკოველ დეპუტატს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

08 ივლ 202217:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/08/gtu00p1fbvtjyuc.jpg
Kirill Kudryavtsev / AFP

მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ კრასნოსელსკის დასახლების საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს, რუსეთის ჯარის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ვერდიქტი მოსამართლე ოლესია მენდელეევამ დღეს, 8 ივლისს გამოაცხადა.

გორინოვს ბრალად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება" ედება, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლითაა აკრძალული. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთში ამ მუხლით გასამართლების პირველი შემთხვევაა.

ალექსეი გორინოვს 15 მარტს, საბჭოს დეპუტატების შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე ედავებიან.

Amnesty International-ის ცნობით, მან ომის შედეგად დაღუპულ უკრაინელ ბავშვებზე ისაუბრა, ომზე, რომელსაც რუსეთი კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ალექსეი გორინოვი იელენა კოტიონოჩკინასთან ერთად მოქმედებდა. კოტიონოჩკინა ამავე საბჭოს დეპუტატია, ვინც ამ ღია შეხვედრას ხელმძღვანელობდა. 

გამოძიების ცნობით, გორინოვმა და კოტენოშკინამ რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რომელიც "მოიცავდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ". ხელისუფლების თქმით, მათი მიზანი"ოფიციალური თანამდებობის გამოყენებით რუსეთის ჯარის დისკრედიტაცია" იყო, რაც "პოლიტიკური სიძულვილით იყო განპირობებული".

ელენა კოტიონოჩკინას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, რადგან მან ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა.

ალექსეი გორინოვი არ აღიარებს დანაშაულს. მან სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა.

„მე ამაში დარწმუნებული ვარ - ომი არის დეჰუმანიზაციის უსწრაფესი საშუალება. როცა ბოროტსა და კეთილს შორის ზღვარი ბუნდოვანი ხდება ეს ყოველთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩემთვის ეს მიუღებელია და უარვყოფ“ - განაცხადა გორინოვმა

Amnesty International-ის ვიცე-დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ბრიუს მილერი, აცხადებს, რომ ვერდიქტი შოკისმომგვრელია, რადგან ის საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დააპატიმრეს.

„ალექსეი გორინოვის ვერდიქტი უბრალოდ შოკისმომგვრელია. ეს არის უსამართლო საპასუხო ზომა პირადი აზრის გამოთქმაზე... ალექსეი გორინოვს არ ჩაუდენია არცერთი საერთაშორისოდ აღიარებული დანაშაული, მან ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ის უწოდა, რაცაა - კრიმინალური ომი. რუსეთის სასამართლო კიდევ ერთხელ მიემხრო ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი ფორმის განსხვავებული აზრი.

რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ალექსეი გორინოვი და ყველა ის ადამიანი, ვინც მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ საკუთარი აზრი გამოთქვეს და ომის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს და ასევე გააუქმოს მათ წინააღმდეგ დაწესებული ყველა სასჯელი“ - განაცხადა ბრიუს მილერმა.

Amnesty International-ის ცნობით გორინოვის საქმის გამოძიებას სულ 5 დღე დასჭირდა. ამ დროისთვის, რუსეთში 207.3-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 60-ზე მეტ საქმეს იძიებენ.

რუსეთის არმიაზე "ცრუ ინფორმაციის გავრცელება" რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაული მარტიდან გახდა. რუსეთის დუმამ 4 მარტს კანონპროექტი ერთსულოვნად მიიღო

ამ კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ "ყალბი ინფორმაცია" გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. თუ "არასანდო ინფორმაციის" გავრცელებამ "მძიმე შედეგები გამოიწვია", დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

26 მარტს კი ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" საზღვარგარეთ გავრცელებას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი შესწორება ამ კვირაში დაჩქარებული პროცედურით შევიდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე" მიღებულ კანონს დაემატა.


close დახურვა