logo
ENG



რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს

28 თებ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და ღირსების შელახვის შემდეგ პუტინის რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს. დეპორტაციის გამო დაკისრებული 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადასახდელად ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა წინაპირობებს აყენებს და თანხის მიმღებთა სიის დაზუსტებას მოითხოვს.

სპეციალისტები და პოლიტიკოსები თბილისში ამბობენ, რომ რუსეთს ულტიმატუმებით საუბრის უფლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავად მისცა, - ივანიშვილის მავნებლური პოლიტიკით. 

დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადასახდელად, რუსეთი საქართველოს პირობებს უყენებს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პროცესის შეფერხების მიზეზი სწორედ საქართველოა, რომელმაც დაზარალებულთა სია ვერ მოაწესრიგა. რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 მილიონიანი კომპენსაცია დააკისრა, 1795 კაციანი სიიდან 290 გვარის გამორიცხვას მოითხოვს.  

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, რუსეთი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს, საბაბს ეძებს და ფაქტებს ამახინჯებს. ალექსანდრე ბარამიძე განმარტავს, რომ 290 მოქალაქის სადავო გვარი ახალი გარემოება არ არის. ის სადავო ევროპულმა სასამართლომაც გახადა და რუსეთს 10 მილიონიანი კომპენსაცია სწორედ ამ გვარების გარეშე, 1500 დაზარალებულის გამო დააკისრა. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს ვალდებულების შესრულება და 10 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს. თეა წულუკიანს დღეს არ დაუკონკრეტებია რამდენ ადამიანზე მოხდება ამ თანხის გადანაწილება, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებულთა სია მოწესრიგებულია. 

იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე, თეა ბურჯალიანი, რომელიც წლების განმავლობაში დეპორტირებულთა საქმის გამო სტრასბურგში დადიოდა, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს რუსეთთან ვაჭრობაში არ შევიდეს. 

პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენოს და რუსეთს ვალდებულების შესრულება აიძულოს.  

2006 წელს, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში გამოძევებული მოქალაქეების საქმე, რუსეთმა სტრასბურგში 2014 წელს წააგო. 2019 წელს კი ევროსასამართლომ მას 10 მილიონიანი კომპენსაცია დააკისრა. გადახდის 3 თვიანი ვადა, რუსეთმა უკვე დაარღვია.

მინისტერიალის მორიგი სხდომა, სადაც შეუსრულებელი ვალდებულების გამო რუსეთს ახსნა განმარტების გაკეთება მოუწევს, მარტში გაიმართება.


close დახურვა