რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა კალინინგრადის რეგიონში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი 3 თვითმფრინავი განათავსა.
კალინინგრადის ოლქი რუსეთის ექსკლავია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს.
რუსეთის უწყების ცნობით, 3 ერთეული MiG-31, რომელიც "კინჟალის" ზებგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი კალინინგრადში დღეს განათავსეს. რეგიონში საბრძოლო ტექნიკის განთავსების მიზეზად რუსეთი "სტრატეგიული შეკავების დამატებით ზომებს" ასახელებს.
"დღეს, 2022 წლის 18 აგვისტოს სტრატეგიული შეკავების დამატებითი ზომების ფარგლებში, სამი MiG-31 ვერტმფრენი, რომელიც კინჟალის ზებგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი გადავიტანეთ ჩკალოვსკის აეროდრომზე კალინინგრადის რეგიონში" - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის ცნობით, ვერტმფრენები მთელი დღის განმავლობაში იმორიგევებენ.
ივლისის დასაწყისში რუსეთმა ლიეტუვა და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ მათ წინააღმდეგ "ხისტ ზომებს" მიიღებს, თუ რუსეთიდან ლიეტუვის გავლით კალინინგრადის ექსკლავამდე პროდუქტების მიწოდება არ აღდგება.
ლიეტუვამ 20 ივნისიდან საკუთარ ტერიტორიაზე, კალინინგრადის ექსკლავის მიმართულებით და უკან, იმ რუსული პროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვები დაბლოკა, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუს ეკონომიკური აქტორებს ლიეტუვის მხრიდან "ცალმხრივი, უკანონო შეზღუდვების გამო" დანაკარგები უკვე აქვთ.
ოფიციალური ვილნიუსის ცნობით, დაწესებული შეზღუდვების მიზანია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ზომები გააძლიერონ.