logo
ENG



რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი ხარებავას ქართული ინტერესები და ქონება - შაბათის ფორმულა

03 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კავკასიონის ქედზე 60 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი რუსეთში გამდიდრებული და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების - ალექსანდრე და თენგიზ ხარებავების საკუთრებაში გადავიდა.

ქართული ოცნების შემომწირველებმა ტერიტორია 10-წლიანი იჯარით, ნაწილი კი 49 წლით გადაიფორმეს. ფართი იმდენად მასშტაბურია, რომ მთლიანი მიწის ფართობი საქართველოს ტერიტორიის თითქმის 1 პროცენტია.

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მილიონობით კვადრატული მეტრ მიწას ცნობილი ბიზნესმენი საძოვრად იყენებს. კახელი გლეხები, რომლებსაც კავკასიონზე საქონელი აჰყავდათ, ამბობენ, რომ ბიზნესმენმა სოფლის ბოლოში, ტყის დასაწყისთან უცხო პირები დააყენა და საძოვარზე მხოლოდ მათ უშვებს, ვინც ფულს გადაუხდის.

გარდა ამისა, შაბათის ფორმულისთვის ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ხელში ჩაგდების სურვილი დავით ხიდაშელის გარდა, სწორედ ძმებ ხარებავებსაც აქვთ. 7 მიწის ნაკვეთი ალექსანდრე ხარებავას სახელზე 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმართველობის არჩევნების დღეს გადაფორმდა. ტერიტორიის მესაკუთრე თელავის მერიაა.

ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა, ძმასთან თენგიზ ხარებავასთან ერთად ღვინის მწარმოებელ კომპანია ხარებას ფლობს. მათ საკუთრებაშია ცნობილი ყვარლის ღვინის გვირაბი, სასტუმრო და რესტორნის კომპლექსი.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ძმებს შორის მთავარი რუსეთში ფარმაცევტული ბიზნესით გამდიდრებული თენგიზ ხარებავაა. სავარაუდოდ სწორედ ის ცდილობს დავით ხიდაშელთან ერთად ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდებას.

60 000 კვადრატული მეტრი მიწა ოქროყანაში - ტერიტორია, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ცოტა ხნის წინ გასხვისდა, ახალი მფლობელი კი თენგიზ ხარებავაა.

საჯარო რეესტრში ვკითხულობთ, რომ რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენის სახელზე მხოლოდ ერთი სახლი და რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული. ხარებავას მთლიანი ქონების მესაკუთრე მისი მეუღლე მარიკა უგრეხელიძეა. უგრეხელიძეს ეკუთვნის სასტუმრო ქრაუნ ფლაზა ბორჯომიც. ხარებავების სახელთან არის დაკავშირებული ბორჯომის მეორე საჯარო სკოლის დანგრევა. მათი ბიზნეს ინტერესების გამო, სკოლის შენობა რუსთაველის ქუჩაზე დაანგრიეს და მიწა ხარებავებს 1 ლარად გადასცეს. ტერიტორიაზე ხარებავებს საინვესტიციო ვალდებულება უნდა შეესრულებინათ და სასტუმრო აეშენებინათ, თუმცა ადგილზე შაბათის ფორმულას ჯგუფს კვლავ ნანგრევები დახვდა.

რუსეთის და საქართველოს მოქალაქე ხარებავამ ჩეხეთში მე-13 საუკუნეში აშენებული ვალენშტაინების სამეფო სასახლე 70 მილიონ კრონად, რამდენიმე წლის წინ იყიდა. ამ ფაქტმა ჩეხეთში მალევე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ხარებავას პარტნიორი რუსეთში მილიარდერი და პუტინის ახლო მეგობარი, მიხეილ შელკოვი იყო.

მხოლოდ საჯარო რეესტრში, ალექსანდრე და თენგიზ ხარებავების უძრავი ქონებების ჩამონათვალი 120 გვერდზე მეტია, მათ ბიზნესებს შორისაა მინერალური წყლების კომპანია სნო და კობი. ალექსანდრე ხარებავას მმართველი პარტიისთვის 100 000 ლარამდე აქვს შეწირული.

რუს ოლიგარქებთან და პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი შაბათის ფორმულასთან რუსეთთან კავშირებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტ ქვეყანაში დაგროვილი ქონების გაყიდვა მის გეგმებშია.


close დახურვა