logo
ENG



რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დაინიშნა

07 დეკ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დაინიშნა. 

"დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს. ეს დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან", - ნათქვამია განკარგულებაში.  

პარლამენტის სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ "საარჩევნო კამპანია დაიწყო". რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა კი ამბობს, რომ პირველად რუსეთის თანამედროვე ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები "ასეთ ტოქსიკურ გეოპოლიტიკურ ატმოსფეროში" ჩატარდება. 

რუსეთის ცესკო-ში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის. 

პუტინს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცნობილია, რომ კრემლი პუტინის მონაწილეობისთვის უკვე ემზადება. როგორც Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლი ვარაუდობს, რომ პუტინი ამომჩეველთა ხმის 80%-ზე მეტს მოიპოვებს. 

თარიღის გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს "კონკურენციას ვერავინ გაუწევს". 

"თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის კანდიდატურას, მაშინ, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, მას ვერავინ გაუწევს კონკურენციას", - თქვა პესკოვმა. 


close დახურვა