logo
ENG



რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ჟურნალისტს 16 წელი მიუსაჯეს

19 ივლ 202416:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/iwtcrfq1f1194x5.jpg

რუსეთში  The Wall Street Journal-ის კორესპონდენტს ევან გერშკოვიჩს, რომელსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურა ჟურნალისტისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდა.

სასამართლომ დახურულ რეჟიმში ორი სხდომა ჩაატარა, 26 ივნისსა და 18 ივლისს, რის შემდეგაც დღეს განაჩენი გამოაცხადა.

მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების შესწავლა ერთ დღეში დასრულდა - 18 ივლისს. დღეს კი მხარეები სიტყვით გამოვიდნენ. როგორც რუსული გამოცემები წერენ, სხდომის დასრულების შემდეგ პროკურატურამ არ უპასუხა კითხვას, რატომ დასრულდა სასამართლო განხილვები ასე მალე.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ გერშკოვიჩი პირველი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს.

რუსეთის პროკურატურა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს აშშ-ის დაზვერვის დავალებით საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებს. 

გერშკოვიჩი, მისი გამოცემა და აშშ-ის მთავრობა ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის უბრალოდ რეპორტიორის საქმიანობით იყო დაკავებული.

უკრაინის ომის ფონზე გერშკოვიჩი და რუსეთში დაკავებული სხვა ამერიკელები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ უმძიმეს კრიზისში არიან მოხვედრილი. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა გერშკოვიჩის მონაწილეობით პატიმრების გაცვლის იდეისთვის და რომ შეერთებულ შტატებთან კონტაქტები შედგა, მაგრამ დეტალები საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

აშშ კი რუსეთს "მძევლების დიპლომატიის" წარმოებაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი ეკატერინბურგში გასული წლის მარტში დააკავეს. როგორც რუსეთში ამტკიცებენ, გრეშკოვიჩი აშშ-ის "ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დავალებით" ნიჟნი ტაგილში მდებარე თავდაცვითი საწარმოს "ურალვაგონზავოდის" შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტი ნიჟნი ტაგილში იმყოფებოდა.


close დახურვა