რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთერთ შენობაში გაჩნდა, რის შემდეგაც მის სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე გავრცელდა.
"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ეკიპაჟი მუშაობდა.