logo
ENG



რუსთავის საკრებულოს წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 აპრ 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock 578

რუსთავის საკრებულოს წევრის მცირეწლოვან შვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. დაავადება არ დაუდგინდათ მის მეუღლეს და დანარჩენ 3 შვილს. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლა და გამოვლენა. გუშინდელი მონაცემებით, კონტაქტებიდან 50 პირი იყო გამოვლენილი. მათ მოუწიათ კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადასვლა, დღეს კი სიას კიდევ 20 ადამიანი დაემატა და გაიცა რეკომენდაცია, რომ ისინიც უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, საკრებულოს დაინფიცირებული წევრი რუსთავში კოლეგებთან ერთად სხდომას ესწრებოდა, თუმცა მას ინფორმაცია მისი დაინფიცირებული დედის შესახებ არ ჰქონია.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ იცოდა და სპეციალურად თავის ოჯახთანაც ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ ახლა გვაქვს ერთამანეთთან კონტაქტი და ამბობს, რომ ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდა. ავტომობილით ემსახურებოდა მოხალისეებს, ვისაც სადილი მიჰქონდათ მოხუცებთან, თვითონ არ გადმოსულა ავტმობილიდან და არ ჰქონია მოხუცებთან შეხება. თვითონ მოხალისეები ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან“, - განაცხადა ნინო ქავთარაძემ.

გარდა ამ ოჯახისა, რუსთავში კორონავირუსი კიდევ ერთ ოჯახს გამოუვლინდა. საქმე ეხება სასწრაფოს ექიმსა და მის მეუღლეს, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. გუბერნატორის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ქალაქი საკარანტინე ზონად გამოცხადდეს.

 „ერთ-ერთ ბავშვს დაუფიქსირდა კორონავირუსი, დედას და დანარჩენ ბავშვებს -  არა, იქაც მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. კიდევ მივეცით დაახლოებით 20 ადამიანს,  რეკომენდაცია რომ დარჩეს თვითიზოლაციაში. ქალაქის ჩაკეტვის საფრთხე და საჭიროება არ არის. თუ აქ იქნება ამგვარი საჭიროება შეიძლება კორპუსები შეიზღუდოს“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ რუსთავში არსებული ცხელების ცენტრში მოთავსებული არის რამდენიმე ადამიანი, ძირითადად - ის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დედას დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსი საკრებულოს წევრსა და მამამისსაც აღმოაჩნდათ.

 


close დახურვა