logo
ENG



რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

09 ოქტ 202117:57
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. შეკრებილები ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. 

შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ექიმები. 

​აქციაზეა მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილიც. 

"მე გუშინ და გუშინწინ ძალიან შემაწუხა მისმა ფიზიკურმა მდგომარეობა, იმიტომ, რომ ვიცი, რა არის შიმშილობა და რა შედეგები მოაქვს მას. მასთან საკანში შესვლის საშუალება არ მაქვს, მაგრამ სოციალური ქსელით შევეხმიანე და წერილობით ასეთი პასუხი გამცა: შენც და ყველასაც გცემთ პატივს, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე და არ გემორჩილები. მე ნახევარ გზაზე არსად გავჩერებულვარ". მისი დევიზია ეს - ბრძოლა იქნება ბოლომდე". - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავება არანორმალური მოვლენაა. 

"ვათვალიერებდი უკრაინის პრეზიდენტების შეკრების ფოტოებს. იქაც იყო ბრძოლა და დანაშაულებიც, მაგრამ დღეს, როცა უჭირს სახელმწიფოს, ყველანი ერთად არიან, ჩვენ რა გვჭირს, ხალხო". - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის თქმით, ექსპრეზიდენტმა უკვე მიიღო რამდენიმე ქილა თაფლი და წვენი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1ლ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.

7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქეილ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შევიდა და პატრიარქის თხოვნით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაზეც ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა