logo
ENG



რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა

24 თებ 202117:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/24/dnske1h3ymxo7qs.png

რუსთავის N12 ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერების აქცია დასრულდა. 

ენმ-ის თავმჯდომარის გასამხნევებლად მხარდამჭერები თბილისიდან რამდენიმე ათეული მანქანით ჩავიდნენ. 

ისინი სკანდირებდნენ: "თავისუფლება ნიკა მელას". 

ჩართეს საქართველოს ჰიმნიც. 

"ვაპროტესტებთ უკანონობას და უსამართლობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, როცა ქვეყანაში ერთ ადამიანს ეკუთვნის ყველა ინსტიტუტი და როცა უნდა, მაშინ გაასამართლებს. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ნიშნული ამ ქვეყნისთვის. ამიტომ, იმედია, გაიგებს ჩვენს ხმას აქედან". - თქვა ხატია დეკანოიძემ

"ნიკა მელიას პატიმრობა, ისევე, როგორც გიორგი რურუასი, მალე დასრულდება. დასრულდება ან ივანიშვილის მმართელობის პირობებში, ან ივანიშვილის მმართველობა დასრულდება მალე. წლების განმავლობაში საქართველოს ნაშენები რეპუტაცია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სასწორზე შეაგდეს ასე უპასუხისმგებლოდ და პრაქტიკულად, დაანგრიეს. გვინდა, ადამიანურად გავამხნევოთ ჩვენი მეგობარი და სიმტკიცე ვუსურვოთ. ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს". - თქვა გიგი უგულავამ.  

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რაც სახალხო დამცველმა შეაფასა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასად. 

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე 

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეცვალა. ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის დროს ენმ-ის ოფისთან სპეცრაზმი მობილიზდა. თუმცა, დაკავების ოპერაცია გადაიდო. 

18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შესახებ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიამ თქვა, რომ ის მელიას ამ ფორმით დაკავებას არ ეთანხმებოდა. 

22 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. მისი პრემიერობის პირველივე დღეს დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. 


close დახურვა