რუსი პრანკერების მორიგი სამიზნე ბერნი სანდერსი გახდა.
ვლადიმერ კუზნეცოვი და მისი კოლეგა ალექსეი სტოლიაროვი ირწმუნებიან, რომ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს გრეტა ტუნბერგის სახელით ტელეფონით დაუკავშირდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრანკერებმა საუბრის აუდიოჩანაწერი იუთუბზე გამოაქვეყნეს.
მათი მტკიცებით, საუბარი დეკემბერში შედგა და მისი გასაჯაროება შეერთებულ შტატებში პრაიმერიზების სეზონის დაწყებას დაამთხვიეს. შიდაპარტიული არჩევნები ჯერ ორ შტატში გაიმართა და სანდერსმა ორივე შტატში წარმატებული შედეგი აჩვენა. დემოკრატების კანდიდატის შტაბს რუსი პრანკერების ხუმრობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.