უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე განახლდა.
თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა 15:30-საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ხმაურის გამო ქართული ოცნება განხილვას ვერ იწყებდა.
ოპოზიციას სხდომის ჩაშლა სურდა, თუმცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე პირი დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სხდომა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა და ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს "უვიცები" უწოდა.
"გთხოვთ მოვისმინოთ, ეს არის პრინციპების დონეზე განხილვა, მუხლობრივ განხილვაში არ შევსულვართ და შემდეგ გადავალთ მეორე კანონზე. ბატონო გურამ, გთხოვთ წარმოადგინოთ კანონი და მანდატურს ვთხოვ უზრუნველყოს სიმშვიდე და ველური დეპუტატები გაიყვანოს დარბაზიდან", - განაცხადა სამხარაძემ.
ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა რუსული კანონპროექტის ორივე ვარიანტი ხმაურის ფონზე წარადგინა. ოპოზიციის დეპუტატი აცხადებენ, რომ ეს კანონი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"თითოეული თქვენგანი აქ ხართ პუტინისტები და ამ ქვეყნის მტრები. ნული გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეთ, იმას აკეთებთ", - თქვა ხათუნა სამნიძემ.