logo
ENG



სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა

06 ივნ 202413:46
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მაისურაძე შარიბი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება.

სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გადასცა განგაშის სიგნალი.

პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალიდან უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.

პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.

ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა"- ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის (14:02 საათი) ხეობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალი.


close დახურვა