logo
ENG



სააკაშვილი: ემიგრანტებმა დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით აქციები უნდა მოაწყონ

29 მარ 202416:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/epi5j43969loehp.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს მხარს უჭერს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია, ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!", - წერს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებს არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით "სპეკულაციას" უწოდებს. მისი აზრით, ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია "ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს".


close დახურვა