საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა.
სააკაშვილის თქმით, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა არ კმარა.
„გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება იქცევა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და ეს არაფერი არ იქნება, რომ ეს არ ეხებოდეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ! დაუყოვნებლივ დღესვე! ხვალ დილიდანვე! უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების ჩამოფრენა საქართველოში! აიკრძალოს შემოსვლა საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრით. ეს არ არის რეკომენდაცია! თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ!
არცერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს სანამ არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში!
ჩინეთის რეისების ფრენის აკრძალვა არ კმარა! საჭიროა ჩინეთის მოქალაქეების ჩამოსვლის შეჩერება საქართველოში ნებისმიერი მესამე ქვეყნის გავლით. პირდაპირი ფრენების აკრძალვა არ კმარა!“, - განაცხადა სააკაშვილმა.