logo
ENG



საგამოძიებო სამსახური: გოგა რაზმაძემ თანამშრომლობა არ ისურვა

28 ივლ 202319:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/pk40x5fouylpvne.jpg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გოგა რაზმაძემ განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. უწყებაში ამბობენ, რომ აქედან გამომდინარე რაზმაძის განცხადებით იხელმძღვანელეს და "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაიწყო".

"დანაშაულის ნიშნების არარსებობის დროს, დისციპლინური გადაცდომების შესასწავლად განცხადების გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. ამ წესს იცავს საგამოძიებო სამსახური 2019 წლიდან მოყოლებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

კერძოდ, 12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძე წერს, რომ 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.


close დახურვა