logo
ENG



საგანგებო: დაკავებული პირები გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ

29 მარ 202418:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/oz6q2z55enae8lu.jpg

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე".

საგანგებოს თქმით, პირები, რომლებიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, მათი თანამშრომლები არ არიან.

"სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე" გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს. ცნობილია, რომ მათ ქრთამის სახით, ჯამში 532 126 ლარი მიიღეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულები "პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით", ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციას არა უახლოესს, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში ახორციელებდნენ.


close დახურვა