logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა სრულდება შერჩევითად - გოცირიძე წირვა-ლოცვებზე

31 მარ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ეკლესიებში წირვა-ლოცვების ჩატარების ალბათობას აფასებენ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა და შეზღუდვები დაუწესოს საპატრიარქოსაც.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ყველა შეზღუდვას ეკარგება აზრი, თუკი ეკლესიებში ადამიანები ძველებურად გააგრძელებენ სიარულს.

„ამ პირობებში, როცა კონტაქტების შეზღუდვად აქვს მნიშვნელობა ვირუსის გავრცელების - მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანიზაციამ დაიცვას ეს წესები. გამონაკლისების დაშვება ამ მდგომარეობაში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება - აზრს უკარგავს შეზღუდვებს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

საგანგებო მდგომარეობის განუხორციელებლობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობას შერჩევითად ასრულებს.

„მთავრობამ ვერ გაბედა კანონის გამოყენება და საგანგებო მდგომარეობა სრულდება შერჩევითად. წარმოუდგენელია, ვინმემ დაარღვიოს, ეკლესია თუ სხვა ჯგუფები", - ამბობს რომან გოცირიძე.

არასამთავრობო სექტორში კი ხელისუფლების მხრიდან არასაკმარის ქმედებებზე საუბრობენ. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" ამბობენ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკვეთრი პოზიცია და შეზღუდვები გაავრცელოს რელიგიურ შეკრებებზეც. 

„აშკარაა, რომ მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვები გაავრცელოს რელიგიური ხასიათის შეკრებებზე. ასეთი მდგომარეობა უბიძგებს ხელისუფლებას, რომ უფრო გაამკაცროს შეზღუდვები", - აცხადებს თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საქართველოში საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება - დღეიდან ამოქმედდება კომენდანტის საათიც და საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა აიკრძალება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 110 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


close დახურვა