logo
ENG



საგანგებო რეჟიმი არავის ეგონოს პანაცეა და რამეს უშველის - ოპოზიცია

20 მარ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ეს უახლოეს დღეებში გაირკვა. 

ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არის. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველ გუნდს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული გეგმა, რითიც ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობის დაძლევას შეძლებს.  

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს. 

"დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას გულწრფელად გეტყვით ვერ ვხედავ. ერთადერთ რასაც ვხედავ, არა ტელევიზიასთან კეკლუცი და ბევრი ბრიფინგია, არამედ საქმის კეთება. საქმე ახლა არის, სწრაფი ტესტირების მექანიზმის შემოტანა, აპარატურის შემოტანა საქართველოში. უკრაინაში არის, სხვა ქვეყნებში არის, საქართველოში არ არის. საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არავის ეგონოს, რომ ეს არის პანაცეა და რამეს უშველის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამოქალაქო თვითშეგნების აუცილებლობაზე საუბრობს "დემოკრატიული მოძრაობი" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ მოქალაქეები მაქსიმალურად დაიცავენ წესებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა შესაძლოა, არც დადგეს. 

"ვერ გეტყვით როდის გამოცხადდება საგანგებო რეჟიმი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ წილად ის ნაბიჯები, რომლებიც ახლა არის გადადგმული, ნამდვილად გადასადგმელი იყო. ჩვენ, ადამიანები თუ ისეთი თვითშეგნებით მოვიქცევით, რომ მართლა მინიმუმამდე დავიყვანთ ქუჩაში გამოსვლას, თუ ამის აუცილებლობა არ არის, შეიძლება არც გახდეს აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუ უახლოესი პერიოდი გამოჩნდება, რომ პრობლემა რთულდება ესე იგი არ იყო საკმარისად გადადგმული ის ნაბიჯები რაც გადაიდგა", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი. ელოშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ ეტაპისთვის ყველაფერი გააკეთა, ხოლო თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება. ელოშვილი ამბობს, რომ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. 

"ყველაფერი, რისი აუცილებლობაც იყო, მთავრობამ დროულად გამოაცხადა და ამას ვერავინ უარყოფს. თუკი საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დადგება, ის უაცილებლად გამოცხადდება. ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება, ეს არის გამომდინარე იმ არსებული მდგომარეობიდან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით", - ამბობს ილია ელოშვილი.


close დახურვა