ბელიაშვილის ქუჩაზე ყოფილი „მიონის“ ქარხანაში ხანძარი ჩამქრალია. ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეხანძრეებს ღია ცეცხლში მოუწიათ შესვლა, სადაც შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
„ბელიაშვილის 98 ნომერში, მეექვსე სართულზე გაჩნდა ცეცხლი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე მაშველებს-მოუწიათ ღია ცეცხლში შესვლა, სადაც ერთი მიცვალებული აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, - განაცხადა კერესელიძემ.
სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, ადგილზე მისულებს ღია ცეცხლი დახვდათ და ნგრევის საფრთხის გამო, შენობაში შესვლა ვერ შეძლეს.
„გამოძახება მივიღეთ. „მიონის“ შენობაში დაგხვდა ხანძარი. იყო ღია ცეცხლი. ჩვენი იქ შესვლა შეუძლებელი იყო ძლიერი დაკვამლიანებისა და ნგრევის საფრთხის გამო. ცოტა ხანში ჩამოიყვანეს მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილია. დამწვრობის კვალი ეტყობა ორგანიზმს“, - განაცხადა ექიმმა.
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით კი, ჯერჯერობით მიცვალებულის იდენტიფიცირება არ მომხდარა.
„სახანძრო-სამაშველო სამსახური ჯერ კიდევ მუშაობს. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, როგორც კი იდენტიფიცირებას მოახდენენ, გეტყვით. მეშვიდე სართულიდან დაიწყო ღია ცეცხლი. ცეცხლი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.
ცეცხლის გამოწვევის ოფიციალური მიზეზი უცნობია. არაოფიციალური ვერსიით კი, შენობაში აალება ელექტროგაყვანილობის არასწორმა გადაერთებამ გამოიწვია.