logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ურტყი შენებს, რომ სხვებს ეშინოდეთ!..."

25 ოქტ 202618:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/25/wtzanqdpesp5x59.jpeg

ექვსი წლის წინ, "ქართული ოცნების" მთავარი საარჩევნო სლოგანი "გარეჯი საქართველოა" იყო.

ეს კამპანია მტრის ხატის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა, მტრად კი აზერბაიჯანი სულაც არ აწყობდათ. ამიტომ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პროკურატურამ ორი დამსახურებული, ხანდაზმული კარტოგრაფი დააკავა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონო დათმობა დასდო ბრალად. 

დანარჩენს პროპაგანდამ მიხედა: წინა ხელისუფლებამ გარეჯი გაყიდა, ჩვენ კი დავიბრუნეთო. "იმედის" ეკრანზე წარწერა არჩევნებამდე დარჩა. მერე გამარჯვება იზეიმეს, წარწერა მოხსნეს და გარეჯიც მიივიწყეს...

მაგრამ, არა სამუდამოდ.  მრავალი წლის მტვერდადებული თემა ოცნებამ ამ კვირაში გადმოიღო თაროდან. ოღონდ ამჯერად საარჩევნო ბანერზე კი არა, ბრალდების დადგენილებაში.

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, სამშობლოს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, თებერვლიდან ის ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს პრემიერმა კობახიძემ ფარული შეთანხმებით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს გადასცა. ამით კი ხელი შეეშალა საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიის მუშაობას. სასჯელი 4 წლამდეა. ადვოკატის თქმით, საქმეში არც ერთი საიდუმლო დოკუმენტი არ არის, მხოლოდ ჟურნალისტის საჯარო განცხადებები და ჩაწერილი ინტერვიუები. გამოდის, ჟურნალისტისგან კრიტიკა საკმარისია მისი ღალატის მუხლით დაჭერისთვის. სახელმწიფოს რომ ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ხელი ერთი  გაზეთის სტატიით ეშლება მოდი მაგაზე დიდხანს ნუ გავჩერდებით.

მარტივად შევხედოთ. ერთი და იგივე წინადადება. ერთი მიემართება წინა ხელისუფლებას. მეორე მოქმედს. როცა 2020 წელს ოცნება საარჩევნო კამპანიის მოსაგებად ამბობდა, რომ გარეჯი წინა ხელისუფლებამ გაყიდა, ეს პატრიოტიზმი იყო. როცა 2026 წელს ჟურნალისტი იმავეს ამბობს ახლანდელ პრემიერზე, ეს სამშობლოს ღალატია.

2012 წელს ივანიშვილი "ასავალ-დასავალს" ეროვნული პოზიციისა და პრინციპულობისთვის აქებდა. მის ფურცლებზე ჰპირდებოდა ქვეყანას დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და უფასო ფულს. ეს გაზეთი მისთვის უბრალოდ კეთილგანწყობილი გამოცემა არ ყოფილა. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებითა და ოპონენტების დევნით ის იმ იდეოლოგიურ გარემოს ქმნიდა, რომელმაც "ოცნებას" ჯერ ხელისუფლებაში მოსვლა, შემდეგ კი ძალაუფლების მონოპოლიზაცია გაუადვილა.

"ურტყი შენიანებს, სხვებს რომ ეშინოდეთ". ივანიშვილი მართვის ამ რუსულ წესსაც კარგად ითვისებს.

ჩუბინიძის დაკავებით ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებსაც უხსნის, რას გულისხმობდა პრინციპულობაში: სხვების წინააღმდეგ შეუზღუდავად ლაპარაკის უფლებას, საკუთარი მისამართით - მორჩილებას.

ამასთან, გამოდის, რომ ეროვნული პოზიცია და პრინციპულობა მხოლოდ მანამდე ფასობს, სანამ მიმართულია სხვების წინააღმდეგ. როგორც კი იგივე პრინციპულობა ხელისუფლებას შეეხო, ის 2026 წლის კოდექსით ღალატად გადაკვალიფიცირდა.

მანამდე, ამავე კვირას, ჩემი მეგობარი და კოლეგა, "ფორმულას" წამყვანი ვახო სანაია კიდევ ერთხელ დააკავეს. ფეისბუქზე დაწერილი პოსტებისთვის - 30 დღე პატიმრობა. 

დიტო ჩუბინიძე და ვახო სანაია ერთ სტუდიაში რომ დავსვათ, ალბათ ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან: ვერც ევროპაზე, ვერც რუსეთზე, იმაზეც კი, რა არის ჟურნალისტიკა. მაგრამ სისტემამ ორივე გისოსებს მიღმა განამწესა. იმიტომ, რომ ამ სისტემის საზომი არც ღირებულებებია და არც ორიენტაცია. საზომი ერთია: უშლი თუ არა ხელს ხელისუფლებას.

დღეს ეს განსაკუთრებით იმ ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, ვინც წლების განმავლობაში სხვის დევნას ამართლებდა და საკუთარ ერთგულებას უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევდა. "ასავალ-დასავალის" მაგალითზე ჩანს, რა ფასი აქვს ამ გარანტიას: ხელისუფლებისთვის გაწეული სამსახური ძალაშია მხოლოდ მომდევნო დაუმორჩილებლობამდე.

ამიტომაც რეპრესირებულთა წრე უფრო გაფართოვდება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. კრიტიკული მედია ნაცემი, დაჯარიმებული და დაპატიმრებული, რიგითი მოქალაქეები ფეისბუქის პოსტების გამო იხდიან სასჯელს. მათ გვერდზე ყოფილი პრემიერი და მინისტრები. ახლა უკვე იმ გაზეთის ჟურნალისტიც, რომელსაც ივანიშვილი პრინციპულობის მაგალითად ასახელებდა. ტოტალური კონტროლი ჩვენიანს და სხვისიანს არ არჩევს. ის ყველას მიადგება, მათ შორის იმ ხალხსაც, ვინც დღეს ამ დაკავებებს ტაშით ხვდება.

გამოხატვის თავისუფლება იმისთვის არ არსებობს, რომ დაიცვას ის სიტყვა, რომელიც მოგვწონს. მოწონებულ სიტყვას დაცვა არ სჭირდება: მას ხელისუფლება თავად აწვდის მიკროფონს და უთმობს ეკრანს - დაცვა სჭირდება იმ სიტყვას, რომელიც გვაღიზიანებს, რომელსაც არ ვეთანხმებით და რომელიც, შესაძლოა, მცდარია. მცდარ სიტყვას თავისუფალ ქვეყანაში სიტყვითა და ფაქტებით პასუხობენ.

იქ, სადაც სახელმწიფო, კიდევ უფრო ზუსტად - ერთი კაცი, ისიც მტრული სახელმწიფოს მიერ სამყაროზე წარმოდგენებით "განწყობაფორმირებული" -  თავად წყვეტს, რა არის პატრიოტიზმი და რა ღალატი, აღარ რჩება სივრცე საკუთარი აზრისთვის, და  საერთოდ - აზროვნებისთვის. მხოლოდ ნებართვა. ასეთ გარემოში, შეიძლება ერთი კაცის ნათქვამი იგივე წინადადება დღეს გმირობა იყოს, ხვალ კი - პროკურორის საქაღალდეში ღალატის მტკიცებულება. ხვალ ხმას წაართმევენ ყველას, ვინც თავად ლაპარაკს არც აპირებდა და უბრალოდ სხვის ნათქვამს ეთანხმება. ოცნებას ეს სიჩუმე ჰგონია სტაბილურობა. მაგრამ პირიქით. რაც უფრო გამაყრუებელია სიჩუმე, მით უფრო რთულია რეალური განწყობების გაგება. ხმის ერთიანად ამაღლების შიში კი არსად წავა.


close დახურვა