საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ქალაქ გაზიანთებში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი.
"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.
საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.
თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.
საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით", - აცხადებენ საგარეოში.
თურქეთისა და სირიის საზღვარზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში სულ მცირე 7 000 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.
სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
იაპონიის განცხადებით, თურქეთში სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.