logo
ENG



საგარეო: ჟენევის მოლაპარაკებებზე გახელაძესა და უკანონოდ დაკავებულ ქართველებზე იმსჯელეს

01 ივლ 202100:36
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: ჟენევის მოლაპარაკებებზე გახელაძესა და უკანონოდ დაკავებულ ქართველებზე იმსჯელეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, განხილვის მთავარ თემები ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

უწყების ცნობით, ასევე განიხილეს რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

"მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და  გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა.

ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში.

საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და  ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. 

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა