logo
ENG



საგარეო: საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო

28 სექ 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს".

"ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.


close დახურვა