ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
ლუკაშენკოს თქმით, მან პუტინთან ერთად დიდხანს იმსჯელა აფხაზეთის ბედზე და ორივე შეთანხმდა, რომ აფხაზეთს დახმარება სჭირდება და "არ უნდა მიატოვონ".
ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს აფხაზეთთან არა მხოლოდ მეგობრული არამედ "სერიოზული ურთიერთობები" ჰქონდეს, რუსეთი კი მზადაა, რომ აფხაზეთს "დახმარების ხელი გაუწოდოს".
ლუკაშენკოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, მათ "მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემენ" ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა მეგობრებთან გააძლიერონ ურთიერთობები.
"გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან ერთად. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ამ საკითხზე, შუაღამემდე და ერთობლივ დასკვნებამდე მივედით, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. მას სჭირდება დახმარება, რათა ამ აყვავებულმა მიწამ და აქ მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვრონ...
მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მე პოლიტიკაში მრავალი წელია ვარ. მოდით ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. მთავარია, რომ ხალხმა აქ ღირსეულად იცხოვროს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე და აქ მცხოვრები ადამიანები წმინდანები არიან. მე მახსოვს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, როცა აქ ვიყავი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები.
რუსეთი მზადაა ხელი გამოგიწოდოთ. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს, მეტად ვიდრე ოდესმე, ჩვენ ვხედავთ როგორი გახდა სამყარო. ჩვენ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ მოგვცემენ. შესაბამისად, ჩვენ მეგობრებთან უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობა" - განაცხადა ლუკაშენკომ.
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, მისი ვიზიტი ბელარუს და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობების გაღრმავების საფუძველი იქნება.