logo
ENG



საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12 დეკ 201907:42
3 წუთის საკითხავი
 
b2l3570u68ba0ou.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო. ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს. კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება", -ვკითხულობთ განცხადებაში.  

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის წამოჭრის შემდეგ კი რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დატოვეს.

 

 

 


close დახურვა